გილოცავთ ევროპის დღეს!
გილოცავთ ევროპის დღეს! პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ევროპის დღეს ევროპის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოთა 33-ე საგაზაფხულო კონფე...
2025-07-16
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ლელა ჯანაშვილი საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს - ლევან ვეფხვაძეს და დირექტორის პირველ მოადგილეს - აკაკი საღირაშვილს შეხვდა. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის აპარატის ხელმძღვანელი - ნიკოლოზ პოპიაშვილი და კერძო სექტორზე ზედამხვედველობის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - შავლეგ თოდუა.
შეხვედრაზე ლელა ჯანაშვილმა ლევან ვეფხვაძეს და აკაკი საღირაშვილს ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ კერძო სექტორში გამოკვეთილი გამოწვევები გააცნო. სამსახურის უფროსმა შეაჯამა განვლილი წელი და აღნიშნა, რომ 2024 წელს მიღებული 1662 განცხადება/შეტყობინებიდან, მათი 90% მონაცემთა დამუშავებას კერძო ორგანიზაციებში შეეხებოდა, შესაბამისად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბიზნეს ასოციაციის დახმარებით კერძო სექტორთან თანამშრომლობა და მათი ცნობიერებისა და პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხებთან მიმართებით კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სხვადასხვა ერთობლივი ფორმატის (შეხვედრა, ტრენინგი, კონსულტაცია) გაძლიერება.
ლელა ჯანაშვილის თქმით, განსაკუთრებით დიდ გამოწვევას წარმოადგენს მონაცემთა დამუშავების საკითხები ჯანდაცვისა და ფინანსურ სექტორებში. ასევე, მნიშვნელოვანია, მონაცემთა საერთაშორისო გადაცემისა და მონაცემთა დაცვის ოფიცრების დანიშვნა/განსაზღვრის საკითხები.
შეხვედრაზე, ლევან ვეფხვაძემ და აკაკი საღირაშვილმა განაცხადეს, რომ ბიზნეს ორგანიზაციებში ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს შეხვედრები, რომელიც პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებს შეეხება, შესაბამისად, კანონის ამოქმედებიდან გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, პრაქტიკული და საკონსულტაციო შეხვედრების ორგანიზება კერძო სექტორისთვის განსაკუთრებით სასარგებლო იქნება.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში, ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით კერძო სექტორთან აღნიშნულ საკითხებზე გაფართოებული შეხვედრა დაიგეგმება.
აღსანიშნავია, რომ ბიზნეს ასოციაცია 150 მდე ბიზნეს ჯგუფს, მათ შორის 1200-ზე მეტ მსხვილ საშუალო და მცირე ზომის ბიზნეს ორგანიზაციას აერთიანებს, შესაბამისად, სამსახურისთვის ასოციაციასთან თანამშრომლობა და ერთობლივი შეხვედრებისა თუ ტრენინგების ორგანიზება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.